მაჟორიტარობის კანდიდატი მუხრანი ძველი და პატარა ქანდა ! /ძველი ქანდა და ასურელები
6 августа, 2017 в 3:29,
Нет комментариев
1990-იან წლებში საქართველოში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების გამო თბილისში მცხოვრები ასურელები ემიგრაციაში, ძირითადად, რუსეთსა და ევროპის სახელმწიფოებში წავიდნენ. გარდაბანში კომპაქტურად დასახლებულებმა რუსეთს, განსაკუთრებით სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეებს, მიაშურეს, სადაც ემიგრირებული და ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრირებული მათი ნათესავები ცხოვრობდნენ.ემიგრაციის შედეგად 1989 წელთან შედარებით ასურელების რაოდენობა 6 ათასიდან, 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემების მიხედვით, 3. 299-მდე შემცირდა. ამჟამად ასურელები, ძირითადად, ცხოვრობენ თბილისში (კომპაქტურად არიან დასახლებულნი დედაქალაქის ორ რაიონში: ვაკესა და კუკიაზე), გარდაბანში, სოფ. ძველ ქანდაში, მცირე რაოდენობით არიან ბათუმში, სენაკში, ზუგდიდსა და ქუთაისში.
საქართველოში დაფუძნებული ასურული ორგანიზაციებიდან აღსანიშნავია საქართველოს ასურელთა საერთაშორისო კონგრესი, რომელიც 1992 წლიდან მოქმედებს. იგი საქართველოში ასურულ თემს წარმოადგენს. ორგანიზაციის ძირითადი მიზანია ასურული ენის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნება და განვითარება და საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების დამყარება.
საქართველოში მცხოვრებ ასურელთა საერთაშორისო კონგრესს მჭიდრო კავშირები აქვს მსოფლიოში მოღვაწე საერთაშორისო ასურულ ორგანიზაციებთან. ორგანიზაციის წარმომადგენელი 2005 წელს ასურელთა საერთაშორისო ალიანსის 24-ე მსოფლიო კონგრესზე აღმასრულებელ საბჭოს წევრად აირჩიეს. ამ საერთაშორისო ორგანიზაციის ერთ-ერთი მიზანი საქართველოში მცხოვრებ ასურელებთან კავშირების შენარჩუნებაც არის. თბილისის გარდა, ასურელთა ინტერესების დამცველი ორგანიზაცია — ასურული კულტურული ცენტრი «ბეტ ნახრაინ» — გარდაბანშიც საქმიანობს.
1990-იანი წლებიდან საქართველოში არსებობს ასურული ცეკვის ანსაბლები «ნინევია» და «დაიანა», გამოდის საქართველოში მცხოვრებ ასურელთა საერთაშორისო ეროვნული კონგრესის გაზეთი «ავი-უთა», სადაც სტატიები ქართულ და რუსულ ენებზე იბეჭდება.
1995 წელს თბილისში დაარსდა ასურულ-ქალდეური კათოლიკური მისია, რომელსაც სათავეში ჩაუდგა მამა ბენიამინ ბეტ-იადგარი. მისიის საქმიანობის მიზნები სამ სფეროს მოიცავს: სულიერს, ჰუმანიტარულსა და საგანმანათლებლოს. საქართველოში მცხოვრები ასურელების უმრავლესობა მართლმადიდებელია, თუმცა ისინი კათოლიკურ ეკლესიაში ასურულ-ქალდეურ ლიტურგიასაც ესწრებიან. ასურულ-ქალდეური წესით ლიტურგია თბილისის კათოლიკურ ეკლესიაში პირველად 1995 წელს ჩატარდა. ღვთისმსახურებას ბენიამინ ბეტ-იადგარი ატარებს, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ასურულ-ქალდეური ეკლესიის
წინამძღოლია. ეკლესიასთან ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა, სადაც ასწავლიან ასურულ ენას, რელიგიის ისტორიას. ყოველ კვირას ლიტურგია იმართება გარდაბანშიც.
ქართულ ენაში ასურელების აღმნიშვნელი სხვადასხვა ტერმინი გამოიყენება. ქართულში სირიელისა და ასურელის აღმნიშვნელი ეთნიკური ტერმინები დიდი ხნის შემოსულია, რაც საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებას უკავშირდება. «სირიელი» დღეს მარტო სირიის არაბული სახელმწიფოს მკვიდრს კი არ გულისხმობს, არამედ ქრისტიან არამეელსაც, და სწორედ ეს იყო მისი პირველადი და ძირითადი მნიშვნელობა. რაც შეეხება ტერმინ «ასურელს», დღეს იგი აღნიშნავს როგორც მესოპოტამიის ტერიტორიაზე ოდესღაც არსებული სახელმწიფოს — ასურეთის — მკვიდრს, ისე სირიელსაც.
თანამედროვე სირიელები თავის თავს ასურელებს უწოდებენ, რადგან თავს ძველი ასურელების შთამომავლებად თვლიან. ამასთანავე, ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში გვხდება შემთხვევები, როდესაც «ასურელი» სირიელის მნიშვნელობით იხმარება.
ტერმინი «აისორ» ქართული წერილობითი ძეგლებიდან პირველად თავს იჩენს ერეკლე II-ის წერილებში და იგი «ასურელის» იდენტურია. შემდეგ ეს იქცა იმ ასურელთა (სირიელთა) გავრცელებული სახელწოდებად, რომლებიც დღესაც ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ქართლში, სადაც მათ კომპაქტურად დასახლებული სოფლები აქვთ.
უკანასკნელ წლებში «ასურელის» ნაცვლად ხშირად იხმარება ტერმინი «ასირიელი», რომელიც, ძირითადად, ზეპირ მეტყველებასა და ჟურნალ-გაზეთებში გვხდება. «ასი- რიელი» რუსულის გავლენითაა შემოსული ქართულ მეტყველებაში. იგი რუსულ სკოლებში აღზრდილმა ასურელებმა შემოიტანეს და, ქართული ტრადიციის უგულებელყოფით, ქართულშიც დამკვიდრდა.
